English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილი
სახელმწიფოს როლი ევროკავშირის ქვეყნების ინოვაციური სისტემის განვითარებაში

ანოტაცია

სტატიაში გაშუქებულია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე პირობებში რა შესაძლებლობები და გამოწვევები მოაქვს გლობალიზაციის პროცესს ევროკავშირის ქვეყნებისათვის, რომლებიც ცდილობენ, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში სიახლისა და ინოვაციის დანერგვით მიაღწიონ ლიდერის პოზიციას. გაანალიზებულია ინოვაციური სისტემის არსი, მნიშვნელობა და ამ სისტემების ფორმირებისა და განვითარების აუცილებლობა ევროკავშირის ქვეყნებში, რასაც ხელი შეუწყო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, როგორც არის: თანამედროვე ეკონომიკის სწრაფი ზრდა, კაპიტალსა და შრომის ბაზარს შორის გაზრდილი ურთიერთკავშირი, ცოდნისა და ტექნოლოგიების ფორმირებისა და გამოყენების მასშტაბური ხასიათი და, რაც მთავარია, კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება და მისი ექსპორტი. სტატიაში შესწავლილია ეროვნული თავისებურებებისა და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით ეროვნული ინოვაციური სისტემის ოთხი მოდელი, როგორიცაა:
1. „ევროატლანტიკური“ (ევროკავშირის ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა);
2. „აღმოსავლეთ აზიური“ (იაპონია, ტაივანი, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა და სხვა);
3. „ალტერნატიული“ (ჩილე, თურქეთი, ტაილანდი, პორტუგალია და სხვა);
4. „სამმაგი სპირალი“ (აშშ, ევროპის რიგი ქვეყნები).
დაწვრილებით დახასიათებულია თითოეული მოდელის ბირთვი, ცალკეული მოდელის სრული და არასრული ინოვაციური ციკლი, ინოვაციური სისტემის სტრუქტურის კომპონენტები და სხვ.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებში _ ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი (მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს დიდი ბრიტანეთი რეფერენდუმის გზით გამოვიდა ევროკავშირიდან და რომელიც წლების მანძილზე ევროკავშირის აქტიური წევრი იყო) _ ინოვაციური სისტემების ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რომელთა გათვალისწინება, ვფიქრობთ, კარგი იქნება როგორც ამ ქვეყნების, ისე ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნებისთვისაც.
ხაზგასმულია წარმატებული ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებაში სახელმწიფოს აქტიური როლი ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი პერიოდისთვის, უპირველესად განათლების სისტემის გაუმჯობესებაში, როგორც ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებაში, ისე სამეცნიერო საქმიანობის, პროფესიული და საუნივერსიტეტო განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებაში; ასევე, ინოვაციური პროექტების დაფინანსებასა და კომერციალიზაციაში, ინოვაციურ სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის, ახალი ტექნოლოგიების დასესხება-გადმოტანისა და გაძლიერების სტრატეგიის მხარდაჭერაში; კადრების მომზადების უზრუნველყოფაში და სხვა.
ნაჩვენებია დღეს არსებული გამოწვევების ფონზე როგორია სახელმწიფოს ფუნქცია და როლი ევროკავშირის ქვეყნების ინოვაციური სისტემების განვითარებაში.
საკვანძო სიტყვები: ინოვაციური სისტემები, ეროვნული ინოვაციური სისტემის მოდელები, სახელმწიფოს როლი ინოვაციურ განვითარებაში

ეროვნული ინოვაციური სისტემა არის ურთიერთდაკავშირებული ინსტიტუტების ერთიანობა, რომლებიც დაკავებული არიან მეცნიერული ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების ფორმირებით, წარმოების განვითარებითა და კომერციული რეალიზაციით კონკრეტული სახელმწიფოს ფარგლებში (უნივერსიტეტები, ლაბორატორიები, ტექნოპარკები, ინკუბატორები, მცირე და საშუალო კომპანიები). ამასთან, ეს არის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური ინსტიტუტების კომპლექსური სისტემა, რომელთა საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შექმნას, გავრცელებასა და დანერგვას კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და კომერციული მოგების მიღების მიზნით.
ეროვნული ინოვაციური სისტემის (ეის) ფორმირების, განვითარებისა და სტრუქტურირების თანამედროვე თავისებურებების ღრმა და კომპლექსური შესწავლის აქტუალობა ეკონომიკის განვითარების ახალ პირობებში მნიშვნელოვნად იზრდება არა მხოლოდ ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, არამედ განსაკუთრებით ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნებშიც.
ეის-ის განვითარებას ხელი შეუწო XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, როგორც არის თანამედროვე ეკონომიკის სწრაფი განვითარება, კაპიტალის ბაზრებსა და ახალ ტექნოლოგიებს შორის გაზრდილი ურთიერთკავშირი და გაძლიერებული სოციალური ორიენტაცია, პროდუქციისა და მომსახურების ფორმირებისა და გამოყენების მასშტაბური ხასიათი და სხვა. აღნიშნულმა განაპირობა ეროვნული ინოვაციური სისტემის, როგორც ქვეყნის ინოვაციური განვითარების ინსტიტუციური საფუძველი.
ინოვაციური სისტემების ფორმირებისა და ფუნქციონირების პრინციპები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს როგორც ეროვნული რესურსებიდან და იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რასაც თავის თავს უყენებს ქვეყნის ხელისუფლება, ასევე ინოვაციური განვითარების მოდელთან დაკავშირებით. ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში ეის-ის განვითარების სტრატეგია განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკით, ნორმატიული სამართლებრივი უზრუნველყოფით, სახელმწიფო რეგულირების ფორმებით, მეცნიერულ-ტექნიკური და სამრეწველო პოტენციალით, შიგა სავაჭრო და შრომითი ბაზრებით, ასევე ქვეყნის ისტორიული და კულტურული ტრადიციებითა და თავისებურებებით.
ინოვაციური განვითარების მოდელისაგან დამოუკიდებლად, ხშირად სახელმწიფო გამოდის ინოვაციური გზით ქვეყნის მოძრაობის მთავარ ინიციატორად და კოორდინატორად, ამიტომ სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტები ორიენტირებული უნდა იყოს საკანონმდებლო-სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაზე, ინოვაციაზე მოთხოვნის სტიმულირებაზე, ეის-ის ყველა სუბიექტს შორის ურთიერთზემოქმედების გაძლიერებაზე.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალური განვითარების თანამედროვე ეტაპზე აუცილებელია არა მარტო ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, არამედ ამ დარგების აქტიური კვლავ¬წარმოებისათვის უფრო კეთილსასურველი პირობების შექმნა სტრუქტურულად და ხარისხობრივად ეფექტური ინოვაციური სისტემის საფუძველზე, მოწინავე მეცნიერული, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ფაქტორების დაჩქარებული და კონკურენტული განვითარების გათვალისწინებით [5].
ეროვნული თავისებურებებისა და ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების ფორმებისა და მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიზანზე, ისე ეროვნული ინოვაციური სისტემის მოდელზე. თანამედროვე პერიოდში შეიძლება გამოვყოთ ეროვნული ინოვაციური სისტემის ოთხი მოდელი:
1. “ევროატლანტიკური” (ევროკავშირის ქვეყნები: გგერმანია, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა).
2. “აღმოსავლეთ აზიური” (იაპონია, ტაივანი, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა და სხვა).
3. “ალტერნატიული” (ჩილე, თურქეთი, ტაილანდი, პორტუგალია და სხვა)
4. “სამმაგი სპირალი” (აშშ, ევროპის რიგი ქვეყნები).
თითოეული მოდელი თავისი არსით ასე გამოიყურება.
“ევროატლანტიკური” მოდელის ბირთვს წარმოადგენს უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები. იგი ინოვაციური ციკლის სრული მოდელია – ინოვაციური იდეის წარმოშობიდან მზა პროდუქციის მასიურ წარმოებამდე, აქ სრულად არის წარმოდგენილი ინოვაციური სტრუქტურის ყველა კომპონენტი: ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება, კვლევები და დამუშავებები, საცდელი ნიმუშის შექმნა და მისი მასიურ წარმოებაში გაშვება.
“აღმოსავლეთ აზიური” მოდელის ბირთვს წარმოადგენს კორპორაციებთან არსებული კვლევითი ლაბორატორიები. ამ მოდელის ინოვაციურ ციკლში ამოვარდნილია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების კომპონენტები. ეს ქვეყნები ყიდულობენ ტექნოლოგიებს, აუმჯობესებენ და შემდეგ ორიენტირებული არიან მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტზე.
“ალტერნატიული” მოდელის ბირთვს წარმოადგენს უნივერსიტეტები და ტექნოპარკები. ამ მოდელის ინოვაციურ ციკლში პრაქტიკულად არ ფიგურირებს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნირების კომპონენტები. ეს მოდელი უპირატესად გამოიყენება აგრარულ ქვეყნებში, რომლებსაც არ გააჩნიათ მდიდარი სანედლეულო ბაზა და არ აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ მნიშვნელოვან შედეგებს ახალი ტექნოლოგიის შექმნაში. ამასთან, თავიანთ საინოვაციო პოლიტიკაში ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკის სფეროში კადრების მომზადებაზე, ფინანსებზე, მენეჯმენტზე, შრომის ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაზე. დიდ ყურადღებას უთმობენ მენეჯერების მომზადებას ტრანსნაციონალური კორპორაციის ადგილობრივი წარმომადგენლობებისათვის.
“სამმაგი სპირალის” მოდელის ბირთვს წარმოადგენს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი: მეცნიერება – სახელმწიფო – ბიზნესი და მათი ურთიერთზემოქმედება. ამ მოდელს გააჩნია სრული ინოვაციური ციკლი. მან პრაქტიკული რეალიზაცია მხოლოდ ბოლო ათწლეულში მიიღო აშშ-ში. მას გააჩნია გარკვეული განსხვავება ზემოთ განხილული მოდელებისაგან როგორც ეის-ის სტრუქტურის, ისე მისი ცალკეული ელემენტის ურთიერთქმედების მექანიზმის მიხედვით. ამჟამად “სამმაგი სპირალის” მოდელის ცალკეული ელემენტი ინერგება დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნასა და იაპონიაში [6].
ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება ეროვნული ინოვაციური სისტემის სხვადასხვა სახის მოდელის ფორმირებასა და განვითარებაზე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ დღეისათვის ქვეყნების უმრავლესობა თავიანთი ეკონომიკის განვითარების ორიენტირებას ინოვაციის მხარეზე ახდენენ, ირჩევენ ეროვნულ თავისებურებებთან უფრო ადეკვატურ ეის-ის მოდელს. ამასთან, მოდელის არჩევა მნიშვნელოვნად განისაზღვრება ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, განათლების სისტემისა და მეცნიერების არსებული დონით. კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკისათვის ეის-ის ამა თუ იმ მოდელის ფორმირება-განვითარება ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ჩართული არიან სახელმწიფო და კერძო სექტორი, ბიზნესი და სხვა ინსტიტუტები. ლიდერებად გვევლინებიან ქვეყნები მეცნიერებისა და განათლების მაღალი პოტენციალით, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური დამუშავებების შედეგების წარმოებაში სწრაფად დანერგვის შესაძლებლობა. ამ ამოცანის გადაწყვეტას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის საქმიანი კავშირის დარეგულირება, ასევე სახელმწიფოს აქტიური პროტექციონისტული პოლიტიკა.
აღნიშნული ინოვაციური სისტემის მოდელები ცალკეულ ქვეყნებში ხელს უწყობენ კონკურეტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოებას და რეალიზაციას, რითაც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და განვითარებას. ამასთან, ინოვაციურ სისტემებს გააჩნია გარკვეული ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში დინამიურად განვითარებადი ფინეთის ეის-ის ძლიერ მხარეს შეიძლება მივაკუთვნოთ ინსტიტუციურ-სამართლებრივი ბაზის შედარებით მაღალი დონე; მჭიდრო კავშირი უნივერსიტეტებსა და სამრეწველო ლაბორატორიებს შორის; იტალიის ეის-ისა და ინოვაციური პოლიტიკის ძლიერ მხარეს წარმოადგენს შედარებით ეფექტური კლასტერული სტრატეგიის ფორმირება; საფრანგეთის ეის-ის ძლიერი მხარეა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, მნიშვნელოვანი სახელმწიფო დანახარჯები კვლევებსა და დამუშავებებზე; მიუხედავად 2016 წელს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან რეფერენდუმის გზით გამოყოფისა, ეს ქვეყანა წლების მანძილზე ევროკავშირის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო იყო, ამიტო,მ ვფიქრობთ, საჭიროა, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინოვაციური სისტემის ძლიერ მხარეს გავუსვათ ხაზი – ეს არის უნივერსიტეტებსა და სამრეწველო საწარმოებს შორის არსებული კავშირების, აგრეთვე ვენჩურული დაფინანსების მაღალი დონე.
ევროკავშირის ქვეყნებში ინოვაციური სისტემების სუსტ მხარეებს შეიძლება მივაკუთვნოთ: ფინეთში – ინოვაციური პროდუქციისთვის შედარებით მცირე შიგა ბაზარი, ახალი სასაქონლო მარკებისა და სამრეწველო დიზაინის განვითარების დაბალი მაჩვენებელი; იტალიაში – არასაკმარისი ინვესტიციები კვლევებსა და დამუშავებებზე, ვენჩურული დაფინანსების განუვითარებლობა; საფრანგეთში – უნივერსიტეტებსა და საწარმოებს შორის არასაკმარისი აქტიური კავშირები, მცირე და საშუალო ფირმების ჩართულობის არასაკმარისი მასშტაბები, ვენჩურული კაპიტალის გამოყენების დაბალი დონე; დიდ ბრიტანეთში – სახელმწიფო სექტორის დანახარჯების დაბალი დონე სამრეწველო კვლევებსა და დამუშავებებზე [5].
ევროკავშირის მოწინავე ქვეყნების ინოვაციური სისტემების აღნიშნული ძლიერი და სუსტი მხარეები, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია როგორც ამ ქვეყნების, ისე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ინოვაციური სისტემების შემდგომი სრულყოფის მიზნით.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს როლი ეის-ის კონკურენტული, დაჩქარებული და ხელსაყრელი განვითარების უზრუნველყოფაში კიდევ უფრო იზრდება XXI საუკუნეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია მთავრობების დასაბუთებული პოზიცია და ძალისხმევა ეის-ის სტრუქტურის სრულყოფისათვის, რათა მათ სასურველი კალაპოტით წარმართონ ეროვნული ეკონომიკის ინოვაციური განვითარება.
ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ახალ კონკურენტულ პირობებში მნიშვნელოვნად იცვლება სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქცია (საკანონმდებლო-სამართლებრივი ბაზა, საგადასახადო სისტემა, საინვესტიციო გარემო და სხვა), რაც ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ინტეგრირებული და ინოვაციაზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემო პირობების ჩამოყალიბებას უფრო ხელსაყრელი შემოქმედებითი ინიციატივისათვის, ასტიმულირებენ კერძო კაპიტალის მოზიდვას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის, ხელს უწყობენ სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის აქტიურ კოოპერაციას, უზრუნველყოფენ მოთხოვნის გადიდებას ინოვაციურ პროდუქციასა და მომსახურებაზე ხარისხობრივი კრიტერიუმების წინა პლანზე წამოწევით, რაოდენობრივის საპირისპიროდ, როგორც ეროვნული, ისე გლობალური მასშტაბით.
ცალკეული ქვეყნის ინოვაციურ სისტემას გააჩნია ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ბუნება და ამასთან ერთად ისინი ვითარდებიან ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული თავისებურებების გავლენით, ამიტომ არ შეიძლება არსებობდეს უნივერსალური ეის-ი, პირიქით, ფაქტობრივად არსებობს მრავალი სახის ეის-ი თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. თანამედროვე განვითარებადი ეროვნული ინოვაციური სისტემები მუდმივად განიცდიან ადაპტაციას და გარდაიქმნებიან ახალი შესაძლებლობების გამოჩენის შესაბამისად.
გლობალიზაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით დღეისათვის სახელმწიფოს როლი მსოფლიო არენაზე უფრო მეტად აქტიურდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის ინოვაციური სისტემის სტრუქტურასა და ეფექტურობაზე. სწორედ ინოვაციური სისტემა აძლევს სახელმწიფოს შესაძლებლობას, დაიკავოს განსაზღვრული ნიშა როგორც კონკურენტუნარიანი საქონლის ბაზარზე, ისე შრომის საერთაშორისო განაწილების სისტემაში, მოიპოვოს დამსახურებული სტატუსი და ადგილი მსოფლიო არენაზე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკის ლიდერი ქვეყნები გამუდმებით ცდილობენ დაიპყრონ მსოფლიო ბაზარზე სწრაფად განვითარებადი და უფრო ეფექტური ინოვაციურ-ტექნოლოგიური სეგმენტები, აბანდებენ რა მნიშვნელოვან მატერიალურ და ინტელექტუალურ რესურსს თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების (სკსსს) წინმსწრები განვითარებისთვის. კვლევებით დასტურდება, რომ ინოვაციურ სფეროში მსოფლიო ლიდერობისთვის ძირითადი მეტოქეობა აშშ-ს, იაპონიასა და ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. მაგრამ ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნები ვერ ახერხებენ ადეკვატური შესაძლებლობებით დაუპირისპირდნენ ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელოვან სამთავრობო რესურსებს.
წარმატებული ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისას აუცილებელია სახელმწიფო სექტორის აქტიური როლის გათვალისწინება გრძელვადიან პერიოდში მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების გავრცელებასა და დანერგვაში როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო ბაზარზე.
ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირება-განვითარებაში სახელმწიფოს როლი გამოიხატება ინოვაციური პროექტების დაფინანსებასა და კომერციალიზაციაში; ინოვაციურ სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის, ასევე ახალი ტექნოლოგიების დასესხება-გადმოტანისა და გაძლიერების მხარდაჭერაში; პრიორიტეტული სფეროების გამოყოფის, კადრების მომზადების უზრუნველყოფაში; სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განვითარებისა და შედეგების რეალიზაციაში, აგრეთვე უნივერსიტეტებსა და აკადემიურ დაწესებულებებთან საკვლევ-სამეცნიერო პროფილის კომპანიების შექმნის სტიმულირებაში და სხვა.
XXI საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გადადის “ცოდნის ეკონომიკაზე”. ინოვაციური ეკონომიკის მქონე განვითარებული ქვეყნების გამოცდილება იმის დასტურია, რომ ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციის გზით (ცოდნის ფორმირება, გამოყენება, მართვა, სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და სხვა) არის შესაძლებელი ეკონომიკის ადაპტირება გლობალიზაციის პირობებთან.
დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ინოვაციური საქმიანობის განვითარებისათვის სახელმწიფომ პირველ რიგში არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა განათლების სისტემის განვითარებისათვის, რაც გულისხმობს საყოველთაო ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებას, პროფესიული და საუნივერსიტეტო განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას. სახელმწიფომ საუნივერსიტეტო განათლების სრულყოფის უმთავრეს კომპონენტად უნდა აქციოს სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა [2].
ეკონომიკის განვითარების თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს როლი აქტიურდება ინოვაციური საქმიანობის (პოლიტიკა, სისტემა) ფორმირებისა და განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნით, რაც გამოიხატება:
- ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფით;
- კრედიტებისა და გადასახადების ოპტიმალური სატარიფო განაკვეთების დაწესებით;
- ინოვაციური საქმიანობის განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად და განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოს შექმნით;
- ინვესტიციების სტრუქტურაში იმ თანხების მოცულობის გაზრდით, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისკენ იქნება მიმართული;
- სახელმწიფო პროგრამების შემუშავებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლას და არსებულის განვითარების სტიმულირებას.
სახელმწიფოს როლი იზრდება საინოვაციო საქმიანობის მხარდაჭერის სისტემის შექმნით კონკურენტუნარიანი და მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოების და ექსპორტის განვითარებისათვის;
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და საინოვაციო პროექტების რეალიზაციისათვის საკონკურსო სისტემის ჩამოყალიბებით;
- ამ სფეროს მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის, საინოვაციო საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნით, სახელმწიფო საინოვაციო ფონდის ფორმირებისა და სხვა ღონისძიებების გატარებით [4].
ეროვნული ინოვაციური სისტემის წარმატებულ განვითარებას ხელს უწყობს რიგი ფაქტორი, როგორიც არის:
- სახელმწიფოს თანმიმდევრული გრძელვადიანი ინოვაციური პოლიტიკა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნებითა და ამოცანებით;
- არსებული ინოვაციური პოტენციალის რაციონალური გამოყენება;
- მუდმივი ძალისხმევა კერძო და სახელმწიფო სექტორის ინოვაციურ სფეროში დასაქმებულ მკვლევარებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისათვის;
- ინოვაციური პოტენციალის მქონე ფირმების დიდი რაოდენობით ჩართვა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში;
- ინოვაციურ საქმიანობაში არსებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების სისტემატური შესწავლა, დამუშავება და დანერგვა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. რ. აბესაძე, ინოვაციები - ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული `ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2014.
2. ვლ. პაპავა, რეტროეკონომიკიდან ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პერსპექტივები საქართველოს ევრაზიული ინტეგრაციის შემთხვევაში. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. IX. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2016.
3. ი. მუჯირი, ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია. ავტორეფერატი, თბილისი, 2016. www.ciu.edu.ge/files/files/irina%20mujiri.pdf.
4. ჭალაგანიძე ვ. შ., საინოვაციო საქმიანობის პრობლემები საქართველოში. გამომცემლობა „რუბიკონი“, თბილისი, 2000.
5. Соснов Фёдор Геннадьевич. Особенности формирования национальной инновационной системы в Европейском Союзе. www.dissercat.com/.../osobennosti-formirovaniya-natsionalnoi-innovatsionnoi-sistemy-v-evropeiskom-soyuze.
6. Модели формирования национальных инновационных систем 13 сентября 2013 8799434 Исследования Kapital _ rus.ru> articles/article...formirovaniya...
7. 12 (158), 2011_ http://www.studfiles. ru/preview/1792729/